contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: ეკა ბესელია

დათო 01 დეკემბერი 2014

გამარჯობა.მაინტერესებს არის თუ არა დისკრიმინაცია, ადამიანის უფლებების დარღვევა როცა "B" ჰეპატიტით დაავდაებულს არ ღებულობენ საჯარო სამსახურში, არ ღებულობს ასეთ ადამიანს არც თავდაცვის სამინისტროს სამსახურები, არც შინაგან საქმეთა სამინისტო და არც იუსტიციის სამინისტრო, როცა მას აქვს შესაბამისი ცოდნა მიიღოს მონაწილეობა და გაიმარჯვოს ზემოხსენებული უწყებების მიერ გამოცხადებულ კონკურსებში ხოლო ბოლოს უარს ეუბნებიან იმის გამო რომ მას "B"ჰეპატიტი აღმოაჩნდა.

ზოგადად, საჯარო სამსახურის ერთ-ერთი პრინციპია მისი თანაბარი ხელმისაწვდომობა საქართველოს მოქალაქეებისათვის  მათი  პროფესიული მომზადებისა და უნარების შესაბამისად; ამასთან, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-17 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ,,საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუკი სამედიცინო დასკვნის თანახმად, მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;’’ თითოეული უწყება თვითონ განსაზღვრავს სხვადასხვა პოზიციაზე პირის დანიშვნისათვის აუცილებელ და გამომრიცხავ გარემოებებს  სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე; კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება, სამსახურში მიღებაზე უარის თქმა აკმაყოფილებს თუ არა კანონიერებისა და  დასაბუთებულობის მოთხოვნებს, შესაძლებელია მხოლოდ საქმის  ინდივიდუალური გარემოებების ყოველმხრივი შესწავლის გზით;  თუკი თქვენ გაქვთ განცდა, რომ ხართ დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, უნდა გამოიყენოთ სამართლებრივი მექანიზმები თქვენი კონსტიტუციური უფლების დასაცავად თანასწორობისა და დისკრიმინაციის  დაუშვებლობის შესახებ; შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ამა წლის 5 მაისს მიიღო კანონი ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’. კანონი სწორედ დისკრიმინაციის ყველა ფაქტის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით მივიღეთ, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ამ კანონით თანასწორობის უზრუნველყოფასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე     ზედამხედველ  ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს სახალხო დამცველი. ამ ინსტიტუტს აქვს ისეთი ბერკეტები, როგორიცაა დარღვევის დადგენის შემთხვევაში რეკომენდაციით მიმართვა შესაბამისი ორგანოსათვის, საქმის მორიგებით დამთავრების ხელშეწყობა და   სხვ. თქვენ შეგიძლიათ მითითებულ კანონზე დაყრდნობით, მოითხოვოთ  დისკრიმინაციის ყველა ფორმისაგან დაცვის შესახებ თქვენი უფლების უზრუნველყოფა.