მოგესალმებით ქალბატონო ეკა და გამოვთქვამ ჩემს პატივისცემას თქვენს მიმართ.ამ ყველაფერს გწერთ,როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს.ჩემი შეკითხვა ეხება საცხოვრებელი ბინის ქვემოთ განთავსებულ ბარებს,კაფეებსა და გასართობ ცენტრებს,საიდანაც სისტემატიურად ამოდის მუსიკის ხმაური და არ გვაძლევს ნორმალურად ცხოვრების საშულებას.აქვე გეტყვით,რომ მიუხედავად 9 თვიანი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებებისა( პატრული,ზედამხედველობის სამსახური და სხვა) მინდა გითხრათ,რომ ყველა ეს ორგანო შემოიფარგლება მხოლოდ გაფრთხილებით,მათ შორის სასამართლოც.აქედან გამომდინარე მიუხედავად იმისა,რომ კანონდამრღვევს განემარტა,რომ აღნიშნული დაწესებულება უნდა იყოს აღჭურვილი ხმის დამხშობი საშუალებებით,ისინი კვლავ ჩვეულ რეჟმში აგრძელებენ საქმიანობას,რის შედეგადაც ეს ადამიანები მიბიძგებენ ჩავიდინო რამე კანონსაწინააღმდეგო მოქმედება ნერვული აშლილობის გამო.ჩემი თხოვნა იქნება:როგორც ვიცი,მერიიდან პარლამენტში შემოსული იყო კანონპროექტი ამის დასარეგულირებლად,მაგრამ არაფერია ნათქვამი ჯარიმისა ან სხვა რაიმე ღონისძიებებისა რაც აიძულებს ამ ადამიანებს დაემორჩილონ კანონს.მე არ ვუშლი საქმიანობას უბრალოდ ვითხოვ მიიღოთ ისეთი კანონი და შეძლებისდაგვარად სწრაფად,რათა აიძულოთ ეს ადამიანები შეასრულონ კანონით დაკისრებული ვალდებულება,მოაწესრიგონ ინფრასტრუქტურა,რომ ხმაურმა არ შეგვაწუხოს.უმორჩილესად გთხოვთ უყურადღებოდ არ დატოვოთ ჩემი წერილი და გამომეხმაუროთ. პატივისცემით ხათუნა სამადაშვილი.
თქვენი კითხვის პასუხად გაცნობებთ რომ 2016 წლის 6 აპრილს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სავალდებულო წესით განიხილა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“. \r\n\r\nცვლილების თანახმად კოდექსს დაემატება 771 მუხლი, რომლის მიხედვით, როგორც ღამის ასევე დღის საათებში, დასჯადი ხდება ხმაური, რომლის დონეც აღემატება დადგენილ ნორმატივს, თავისი ხასიათით არის განგრძობადი და შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს პირის ჯანმრთელობაზე ან საყოფაცხოვრებო პირობებზე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახედ განსაზღვრული იყო ჯარიმა. აღნიშნული კანონპროექტის ავტორი არის თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, თევდორე კობახიძე. გადაწყვეტილების მიღებისას კომიტეტმა გაითვალისწინა არსებული საერთაშორისო სტანდარტები და პრაქტიკა, რომელიც არეგულირებს ხმაურს და ჩათვალა, რომ საკითხის რეგულირება მნიშვნელოვანია მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, რადგან ხმაური უარყოფითად აისახება ადამიანის როგორც ფიზიკურ ისე ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტს და მის პლენარულ სხდომაზე განხილვას. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა გაიწვია კანონის პროექტი მასში ცვლილებების შესატანად და ხელახლა სრულყოფილი სახით მისი ინიცირებისთვის. ჩვენი ინფორმაციით კანონის პროექტის ინიცირება მოხდება უახლოეს კვირაში. პატივისცემით ეკა ბესელია